ჩვენს შესახებ

 

მედიცინის განვითარებაში, სხვა ფაქტორთა შორის, განმსაზღვრელ როლს თამაშობს მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადებისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის სრულყოფა. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში დიმიტრი ტვილდიანმა დააფუძნა ქართველ ექიმთა უცხოეთში სპეციალიზაციის ფონდი, სადაც 200-ზე მეტი ახალგაზრდა  ექიმი-სპეციალისტები გაერთიანდნენ. მათი მიზანი იყო ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდების ჩაბარება (რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება) და შემდგომ რეზიდენტურის კურსის გავლა ამერიკისა და სხვა მოწინავე ქვეყნების  წამყვან კლინიკებში. შეძენილი იქნა შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები, მაგრამ დამოუკიდებლად აღნიშნული პროგრამების დაძლევა თითქმის შეუძლებელი გახდა (მხოლოდ ცალკეულმა პიროვნებებმა შეძლეს მისი დაძლევა). ამან განაპირობა მიზნობრივი სპეციალური უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის - “აიეტის” - დაარსების აუცილებლობა.

“აიეტი” დაარსდა აკად. დავით ტვილდიანის და დიმიტრი ტვილდიანის თაოსნობით 1991 წლის18 დეკემბერს. იგი ერთ-ერთი პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში. 2011 წლიდან აკად. დავით ტვილდიანის საპატივცემულოდ მას დაერქვა დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი. სტუდენტთა პირველმა მიღებამ სწავლა დიაწყო 1992 წლის 31 აგვისტოს. 1997 წლის 6 ივლისს ჩატარდა კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება. 2005 წლის 4 თებერვალს “აიეტის” მიენიჭა პირველი სახელმწიფო აკრედიტაცია.
სასწავლო პროგრამების სტრუქტურისა და მათი განხორციელების მართვის სისტემა ორიგინალურია, მასზე გაცემულია საავტორო მოწმობა. 


“აიეტი” შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ცნობარში (WHO AVICENNA Directory for medicine), იგი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Assosiation for Medical Education in Europe - AMEE), ევროპის უმაღლესი სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe - AMSE) და  ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System).
 

 აშშ-ის ექიმთა საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების მსურველ სტუდენტთათვის დაწესებულია შესარჩევი (სასელექციო) გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამოცდების ხარჯებს აფინანსებს სასწავლებელი.

კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია პროფესიული საქმიანობით, ბევრმა მათგანმა წარმატებით ჩააბარა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდა და კვალიფიკაციას იმაღლებს აშშ-ის, გერმანიის, ინგლისის, შვედეთის და სხვა ქვეყნების წამყვან კლინიკებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ზოგიერთი კურსდამთავრებული პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა “აიეტიში”.