ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში

ორ წელიწადში თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება - ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 2014 წლის 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, „თი ბი სი ჯგუფის“ პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგ „კონტის“ ხელმძღვანელი კურტ კონტი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ დამფუძნებელი და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტი  დიმიტრი ტვილდიანი ესწრებოდნენ.
 
ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი,“ ჰოლდინგი „კონტი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი. ინვესტიციის რაოდენობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება. 
 
აღსანიშნავია, რომ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ) ასევე  არის უცხოეთში „ქართველ ექიმთა სპეციალიზაციის ფონდის“ დამაარსებელი, სადაც ამჟამად ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მოღვაწე 200-ზე მეტი ექიმია „ეს იქნება საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებული სამედიცინო დაწესებულება. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და ხარჯავს უამრავ თანხას სამკურნალოდ. ეს ჰოსპიტალი კი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ფასები იქნება ხელმისაწვდომი და იმაზე ბევრად ნაკლები, რასაც ჩვენი მოქალაქეები ხარჯავენ უცხოეთის სხვადასხვა კლინიკებში. ეს იქნება სამედიცინო ჰაბის დანიშნულების ობიექტი, რომელიც ამავდროულად ამერიკაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნებში მომუშავე უმაღლესი რანგის პროფესიონალებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ამ ჰოსპიტალის ჩამოყალიბებაში არა მარტო როგორც ექიმებმა, არამედ როგორც დამფუძნებელმა აქციონერებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ, ნიჭიერ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება დაბრუნდნენ საქართველოში და აქ იმუშავონ უმაღლესი რანგის სამედიცინო დაწესებულებაში. მივესალმები ამ პროექტს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
 
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. ჰოსპიტალის ბაზაზე, დტსუ სტრუქტურაში შემავალ უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტისა“  და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის განვითარებას და მათ დახელოვნებას.
 
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დტსუ ქმნის კურსდამთავრებულთა ბაზას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 
დაინტერესებულმა პირებმა თავისი ჩV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@dtmu.edu.ge