უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტი” დაარსდა დიმიტრი ტვილდიანის თაოსნობით 1991 წელს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით (011/13 18.12.91) მისი ლიცენზირება მოხდა განათლების სამინისტროს მიერ N(#5-08-2/12; 29.01.92). საქართველოში დაარსებულ არასახელმწიფო უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელთა შორის იგი ერთ-ერთი პირველთაგანია. მან ფუნქციონირება დაიწყო 1992-1993 სასწავლო წლიდან. 
“აიეტის” დაარსება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაუდებელ ეროვნულ საქმედ მიიჩნიეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: აკადემიკოსებმა - ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ვაჟა ოკუჯავამ, თამარ დეკანოსიძემ, გივი დუმბაძემ, ნუგზარ ტატიშვილმა, დავით ტვილდიანმა; პროფესორებმა - თამაზ კერესელიძემ, ლეილა ტყეშელაშვილმა, ირაკლი მეგრელაძემ და სხვ. იგი ერთ-ერთი პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში.
სწავლება წარმოებს მედიცინის ფაკულტეტზე ინგლისურ და ქართულ ენებზე ინგლისურენოვანი ამერიკული სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით. სწავლება ექვსწლიანია და მოიცავს სამ ეტაპს: საბაზისო დისციპლინები (2,5 წელი), კლინიკური დისციპლინები (2,5 წელი) და დიპლომამდელი დახელოვნება  ძირითად კლინიკურ დისციპლინებში - ზოგადი სპეციალიზაცია (1 წელი). სასწავლო პროგრამა შედგება ცალკეული ციკლებისგან  (მოდულებისაგან), თითოეული მათგანის დამთავრების შემდეგ ტარდება ტესტირებული გამოცდა, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეულ საგნებში საბოლოო შეფასებაზე. აკადემიური წლის ხანგრძლივობა 40 კვირაა (2სემესტრი). “აიეტი”-ში ცოდნის დონის შემოწმება ხდება როგორც ზეპირი (შუალედური შეფასება), ისე ჩვენს მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამით (შემაჯამებელი შეფასება), სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი, აშშ-ში შეძენილი ტესტური კითხვები.
სწავლის დაწყებიდან ორ წელიწად ნახევარში, როდესაც ასრულებებნ საბაზისო საგნების შესწავლას, სტუდენტებს USMLE I  საფეხურის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ, ხოლო კლინიკური საგნების შესწავლის დასრულებისას (სწავლის დაწყებიდან 5 წელიწადში) - USMLE II  საფეხურის გამოცდაზე გასვლის უფლება.
“აიეტი” შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში (WHO AVICENNA Directories of Medical Schools), წევრია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (Assosiation for Medical Education in Europe) და  ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System).
კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია პროფესიული საქმიანობით, ბევრმა მათგანმა წარმატებით ჩააბარა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდები და კვალიფიკაციას იმაღლებენ აშშ-ის, გერმანიის, ინგლისის, შვედეთის და სხვა ქვეყნების წამყვან კლინიკებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ზოგიერთი კურსდამთავრებული პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა “აიეტიში”. 
კურსდამთავრებულების დიდმა ნაწილმა გაიარა და გადის რეზიდენტურას, იმაღლებს კვალიფიკაციას ან მუშაობს ექიმად აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებსა და კლინიკებში. სტუდენტთა მხრიდან ძალზე დიდია დაინტერესება საზღვარგარეთ შემდგომი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებისა, რასაც  ხელს უწყობს “აიეტის” სასწავლო პროგრამები და გეგმები, რომელიც, აშშ-ს ექიმთა სასერტიფიკატო საგამოცდო კომისიის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიმუშავა “აიეტის” ხელმძღვანელობამ (დ. ტვილდიანი, მ. კოკიჩაშვილი, ს.თაბაგარი) უმაღლესი სამედიცინო განათლების ალტერნატიული მოდელის სახით, რისთვისაც მიღებულია საავტორო უფლება 1997 წელს (#1-01/21-34).
“აიეტისთან” ფუნქციონირებს ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი. სასწავლო პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს თანატოლთა თანადგომის სასწავლო ცენტრი – წარჩინებული მაღალკურსელები დამატებით მეცადინეობებს უტარებენ დაბალკურსელებს, რომელთაც ცალკეულ საგანში უძნელდებათ სასწავლო პროგრამების დაძლევა.
სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობა “აიეტიში” იწყება სწავლების პირველივე წლიდან და საუკეთესო მოხსენებები იკითხება “აიეტის” კონფერენციებზე.