სტრატეგია

 

მისია

მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.

მისიის შესრულებისას სასწავლებელი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

  • სწავლების, სწავლის, კვლევის და მენეჯმენტის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების რეალიზება;
  • სწავლებისა და კვლევებისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნის პროცესის ხელშეწყობა;
  • მედიცინის დარგში ეროვნულ, რეგიონალურ და  საერთაშორისო დონეზე  სასწავლებლის როლის ზრდა;
  • განათლებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა.

 

მისიის განსახორციელებლად უმაღლესი სკოლა ისახავს შემდეგ მიზნებს:

·         საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა როგორც ცალკეული სასწავლო კურსების სილაბუსების, ასევე, საზოგადოდ, სწავლების მეთოდებისა და მოდელის პერმანენტული გადახედვის გზით.

·         ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა.

·         სასწავლო–სამეცნიერო საინფორმაციო ბაზის განვითარება.

·         ხელი შეუწყოს სასწავლებლის ცხოვრებაში სტუდენტების უშუალო ჩართვას და მათ აქტიურ მონაწილეობას.

·         აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დახელოვნება.

·         ხელი შეუწყოს სწავლების ინოვაციური მეთოდების აპრობირებასა და სასწავლო პროცესში მათ დანერგვას.

·         შეიმუშაოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები მედიცინის დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

 

მიზნების განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

·         სტუდენტისთვის დადებითი შეფასების მისაღებად საჭირო მინიმალური კომპეტენციების იდენტიფიცირება.

·         ინტეგრირებული კურიკულუმით სწავლებაზე თანდათანობით გადასვლა მისი ცალკეული კომპონენტების ეტაპობრივად ათვისების გზით.

·         დიპლომამდელ განათლებაში სამეცნიერო-კვლევითი უნარ–ჩვევების სწავლება და ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა.

·         პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დახელოვნების პროგრამებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა.

·         სწავლებისა და შეფასების კომპიუტერული უზრუნველყოფის ცენტრის მეშვეობით სასწავლო პროცესში ელექტრონული საინფორმაციო ბაზებისა და მეთოდოლოგიების ეფექტური და კოორდინირებული გამოყენება.

·         სამედიცინო სასწავლო–სამეცნიერო ინფორმაციის ელექტრონული ბაზებისა და წიგნადი ფონდის მუდმივი შევსება–განახლება.

·         სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის გასაუმჯობესებლად სპეციალური საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება. SQL ბაზებზე დაფუძნებული სპეციალური საინტერნეტო პროგრამა ვებ–ინტერფეისის მეშვეობით ახორციელებს ყველა სასწავლო კომპონენტის დისტანციურ მართვასა და კონტროლს.

·         შეიქმნება და ვებ-გვერდზე (სტუდენტის გვერდზე) განთავსდა თითოეული სტუდენტის ჩათვლის წიგნაკის (მატრიკულის) ელექტრონული ვერსია. ინფორმაცია კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომი მხოლოდ მოცემული სტუდენტისთვის (ავტორიზაციის პროცედურის შემდეგ).

·         ვებ-გვერდზე განთავსებულია საგნმანათლებლო პროგრამების აღწერილობები (კატალოგი), სასწავლო განრიგი, სხვადასხვა სასწავლო კურსის კურაციის დაწყებისა და დამთავრების, ჩათვლების, ქვიზების, გამოცდების, აღდგენებისა და გადაბარებების თარიღები, აგრეთვე ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების კრებული და სხვ.

·         საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფილია ცალკეული სასწავლო კურსებისა და ბაზების არჩევითობის გამჭვირვალობა.

·         სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მართვაში, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში სტუდენტების აქტიურად ჩართვის მიზნით შექმნილია სტუდენტური თვითმართველობა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს სხვადასხვა სტუდენტური ქვედანაყოფები.

 
 
სტრატეგიული გეგმა
 
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტის” განვითარების სტრატეგიული მიმართულებების გეგმას შემდგომი 5-წლის განმავლობაში. ამ მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად, ჩვენ დავსახეთ პრიორიტეტები, გამოვყავით ძირითადი მიზნები და ამოცანები და ვაჩვენეთ იმპლემენტაციის პროცესისათვის აუციელბელი ელემენტები. ამ დოკუმენტის შემუშავება ეყრდნობოდა ერთწლიანი კონსულტაციებისა და ანალიზის პროცესს. თავისთავად, წინამდებარე სტრატეგიული გეგმა არ წარმოადგენს ”ჭეშმარიტებას უკანასკნელ ინსტანციაში”, არამედ ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის ერთგვარი ორიენტირია, ჩარჩო; მასზე შემდგომი მუშაობა (კონსულტაციები და დიალოგები) გაგრძელდება მომავალში. ვფიქრობთ, ამ გეგმით მუშაობის პირველი წლის ანგარიში გარკვეულად დააზუსტებს და მნიშვნელოვან დეტალებს შესძენს აღნიშნულ გეგმას. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველყოფთ აღნიშნული სტრატეგიული გეგმის პროგრესის/მიმდინარეობის ყოველწლიურ მიმოხილვას და შემდგომი წლის სამუშაო გეგმების შესახებ ინფორმირებულობას.
 
კონტექსტი: უმაღლეს სასწავლებლის საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო
ამჟამად, მიმდინარე უმაღლესი გაანთლების ევროპული და ნაციონალური სისტემების ღრმა სტრუქტურული რეფორმა (ბოლონიის პროცესი) ქმნის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს ევროპული უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. ინტეგრირების ამგვარი  პროცესი გულისხმობს ერთიანი კრიტერიუმების შემუშავებას ეროვნული სისტემების, პროფილური მომზადების ორიენტაციის, სასწავლო გეგმების და სხვ. მიმართულებებით. ყველა უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის საქართველოსიც, განიცდის გლობალიზაციას (ამა თუ იმ ხარისხით). ჩვენ, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნის გაანთლების სისტემას, ოპერირება გვიწევს ძალზე სწრაფად ცვლად გარემოში. აქ, სირთულეს, გარდა დროის სიმცირისა, განაპირობებს ისიც, რომ რიგი საკითხები (თუნდაც იდენტური პროგრამები), გარეგნული ”მსგავსების” მიუხედავად, განსხვავებულად მუშაობს განსხვავებული კონტექსტისა და პირობების გამო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ცვლილებების დაჩქარება, გარდა საერთო გლობალური პროცესებისა, ნაკარნახებია აგრეთვე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებათა დინამიკის განსაკუთრებული ზრდით. აღნიშნული სამედიცინო განათლებისთვის (რომლის წარმატებით ფუნქციონირება შეუძლებელია ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების გარეშე, აგრეთვე სამედიცინო საქმიანობის არსებული ქსელისგან და ამ ქსელის მომავალი განვითარების ტენდენციებისგან, ასევე პროფესიული სტანდარტებისა და რიგი სხვა სამართლებრივი საკითხებისგან დამოუკიდებლად) რიგ დამატებით სირთულეებს ქმნის: ამჟამად საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამედიცინო საქმიანობის და მათ შორის სამედიცინო განათლების დამკვეთი არის არა სახელმწიფო, არამედ სულ უფრო მეტად ”სხვა”, კერძო სტრუქტურები. ამასთან, განათლების სფეროსთან მათი ურთიერთობები ჯერ მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაშია. ევროპული გაგებით და ტრადიციებით, საქართველოში პროფესიული ასოციაციების პრაქტიკულად უმოქმედობის პირობებში ამ ურთიერთობების აწყობა და განვითარება ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას საჭიროებს. კერძოდ, დამსაქმებლის ბიზნეს-ინტერესი ხარისხიან განათლებას და, შესაბამისად, საზოგადოების ფართო ფენების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. აცნობიერებს რა პასუხისმგებლობას სამედიცინო გაანთლების ხარისხზე უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტი” (სხვა უნივერსიტეტებთან ერთად)  ადგენს მომავალი საქმიანობის 5-წლიან სტრატეგიულ გეგმას, რომლის შესრულება ”აიეტის” თანამშრომლების, სტუდენტთა და სხვა დაინტერესებულ მხარეების ერთად მუშაობას გულისხმობს. აღნიშნული გამოცდილება, ვფიქრობთ, ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის კარგი ბაზისი იქნება, რაც ესაჭიროება არა მხოლოდ კონკრეტულად ”აიეტის” სასწავლო პროცესს და/ან სამედიცინო განათლებას, არამედ მთლიანობაში სამედიცინო დარგის განვითარებას.
 
მისია
მისია – მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.
მისიის შესრულებისას სასწავლებელი იხელმძღანელებს  შემდეგი  ხუთი პრინციპით:
 
პრინციპები
სწავლების, სწავლის, კვლევის და მენეჯმენტის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება; 
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების რეალიზება; 
სწავლებისა და კვლევებისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნის პროცესის ხელშეწყობა; 
მედიცინის დარგში ეროვნულ, რეგიონალურ და  საერთაშორისო დონეზე  სასწავლებლის როლის ზრდა; 
განათლებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა. 
 
მიზნები
1. სწავლების ხარისხი. საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ინტეგრირების ხარისხის ზრდა.
2. კვლევის ხარისხი. უნივერსიტეტის სამეცნიერო გარემოს განვითარება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების ზრდის მეშვეობით.
3. ადამიანური რესურსის ხარისხი. არსებული აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ახალი რესურსების მოზიდვა.
4. ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის ხარისხი. ხელმძღვანელობასა, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში უწყვეტი გაუმჯობესება.
5. კოლაბორაცია. ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაზრდა ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.
6. ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება. ფინანსური რესურსების მიმართვის გეგმაზომიერობის, მიზნობრივობისა და რაციონალურობის ხარისხის გაუმჯობესაბა.
7. ინფრასტრუქტურა და გარემო. უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო-სამეცნიერო საინფორმაციო ბაზის განვითარება.
8. სტუდენტთა ჩართულობა/მონაწილეობა. სასწავლებლის ცხოვრებაში სტუდენტების უშუალო ჩართვის და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
9. გამოცდილების ინტერნაციონალიზაცია. ინტერნაციონალურ კულტურულ დიალოგში ჩართვის ხელშეწყობა.
10. საზოგადოებასთან ურთიერთობები. საზოგადოებისათვის სამსახური ცხოვრების ხარისხის, კულტურული სიძლიერის და ინტელქტუალური კაპიტალის ზრდით.
11. ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე პოზიციების დამკვიდრება. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მაღალი ხარისხის უნივერსიტეტის რეპუტაციის მოპოვება.
12. ხარისხის კულტურა. ხარისხის კულტურის განვითარება უნდა გახდეს მთავარი მიზანი: ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების გაფართოება, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლის ფორმალური სტრატეგიული დაგეგმვის პროცესთან კავშირში.
 
მიზნები, სტრატეგიები და სამიზნეები
 
სწავლების ხარისხი
 
მიზანი: საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ინტეგრირების ხარისხის ზრდა.
 
სტრატეგიები
1. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა როგორც ცალკეული სასწავლო კურსების სილაბუსების, ასევე, საზოგადოდ სწავლების მეთოდებისა და მოდელის პერმანენტული გადახედვის გზით.
2. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ პროგრამის/კურიკულუმის შინაარსის სწავლის მოსალოდნელ შედეგებზე ორიენტაციის გაზრდა.
3. ხელი უნდა შევუწყოთ კურიკულუმის დიზაინის სწავლის შედეგების ირგვლივ სტრუქტურირებას.
4. უს-მა უნდა სრულყოს სწავლის მოსალოდნელი შედეგების/კომპეტენციების სწავლების ადეკვატური (მათ შორის, ინოვაციური) მეთოდების შემუშავება და მათი აკადემიურ პროცესში იმპლემენტაცია.
5. უს-მა უნდა სრულყოს სტუდენტისათვის დადებითი შეფასების მისაღებად საჭირო მინიმალური კომპეტენციების იდენტიფიცირება.
6. უს-მა უნდა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ინტეგრირებული შეფასების ახალი ფორმების დანერგვით.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტი” ფუნქციონირებს 1992 წლიდან. მის კურიკულუმს, პროგრამის სტრუქტურას და ორგანიზაციას საფუძვლად უდევს ავტორთა ჯგუფის სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი, რეგისტრირებული საავტორო უფლების დაცვის საერთაშორისო ნიშნით. 2008/2010 წწ-ის განმავლობაში მოხდა მისი აღწერა ბოლონიის დეკლარაციის მოთხოვნების შესაბამისად, საკრედიტო სისტემის შემოღება კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემის (ECTS) მიხედვით, ევროპული ტიპის მოცულობისა და შეფასების დანერგვა, რამაც გააიოლა სტუდენტთა მობილობის პროცესი (”აიეტის” სასწავლო პროგრამა უფრო შედარებადი გახდა ”კლასიკურ” სამედიცინო პროგრამებთან). შეიქმნა სილაბუსის ერთიანი ფორმა (აგრეთვე მათი შევსების სახელმძღვანელო) და ამ ფორმით აღწერილ იქნა ყველა სასწავლო კურსი; განისაზღვრა პროგრამის დასრულებისას მისაღწევი სწავლის შედეგები. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო სამეცნიერო კვლევის სასწავლო კურსის მზადება და მისი დიპლომამდელი განათლების პროგრამაში ჩართვის გეგმაზე მუშაობა. გაძლიერდა სამედიცინო დარგში სწავლების ხარისხისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი - კლინიკურ გარემოში სწავლება (რიგი კლინიკური კურსების ორგანიზება საჩხერის და კლაიპედას (ლიტვა) ჰოსპიტლებში).
 
5 წლიანი სამიზნეები
1. არსებული პროგრამების რევიზირება, ახალი (მომავალი) პროგრამების შემუშავება სწავლის მოსალოდნელი შედეგების/კომპეტენციების განსაზღვრით: ა) ბოლონიის საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ფორმირების პროცესის შესაბამისად, აგრეთვე ევროპული და ეროვნული დარგობრივი დოკუმენტის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით.  ბ) დაინტერესებულ მხარეებთან/დამსაქმებლებთან კომუნიკაცია სწავლის მოსალოდნელი შედეგების ანალიზის, პრიორიტეტების განსაზღვრის, შეთანხმების მიზნით, აგრეთვე მათი სათანადო ასახვა მთლიანად პროგრამასა და მის სასწავლო კურსებში.
2. კურიკულუმის შინაარსის სწავლის მოსალოდნელ შედეგებზე ორიენტაციის გაძლიერება არსებული სასწავლო თემების/კურსების/მოდულების რევიზირება, ახალი თემების შემუშავება: ა) თითოეული კურსი ნათლად აჩვენებს კურსის სწავლის მოსალოდნელ შედეგებს; ბ) თითოეული კურსისთვის ნათელია როგორი წვლილი შეაქვს მას მთლიანობაში სწავლის მოსალოდნელი (საბოლოო) შედეგების მიღწევაში. გ) პროგრამის შინაარსი თანამედროვე ცოდნის მისაღებად მაქსიმალურად ადეკვატურია.                         დ) პროგრამის ამოცანები/მოსალოდნელი შედეგები სრულიად ნათელია აკადემიური შტატისა და სტუდენტებისათვის.
3. კურიკულუმის სტრუქტურის კრიტიკული ანალიზი, სწავლების ხარისხის გაზრდისთვის პროგრამის ინტეგრირების ხარისხის განვითარება და ადეკვატური ფორმების მოძიება.
4. სწავლებისა და სწავლის რევიზირებული სტრატეგიის განვითარება და დანერგვა, სწავლებასა და კვლევაში საუკეთესო შედეგების დასადასტურებლად.
5. სისტემატური პროცედურების შემუშავება/დანერგვა სწავლებასა, სწავლასა და შეფასებაში საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად და გასავრცელებლად.
6. განვითარების იმგვარი პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა, რომელიც შექმნის რწმენას, რომ მთელი აკადემიური შტატი არის პროფესიულად კომპეტენტური არა მხოლოდ საკუთრივ თავიანთ დისციპლინაში, არამედ სწავლების უნარებშიც.
 
1 წლიანი სამიზნეები
არსებული პროგრამების რევიზირება სწავლის მოსალოდნელი შედეგების კომპეტენციების განსაზღვრით ბოლონიის საერთოევროპული საგანმანათლებლო სივრცის ფორმირების პროცესის შესაბამისად, აგრეთვე ევროპული და ეროვნული დარგობრივი დოკუმენტის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით.  
პროგრამის კურიკულუმის შინაარსის სწავლის მოსალოდნელ შედეგებზე ორიენტაციის გაზრდა: თითოეული სასწავლო კურსი ნათლად აჩვეენებს კურსის სწავლის მოსალოდნელ შედეგებს. პროგრამის შინაარსი თანამედროვე ცოდნის მისაღებად მაქსიმალურად ადეკვატურია.
კურიკულუმის სტრუქტურის კრიტიკული ანალიზი;
სწავლებისა და სწავლის არსებული სისტემის კრიტიკული ანალიზი;
შეფასების არსებული სისტემის ანალიზი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებით;
მისაღწევი კომპეტენციების შეფასების ახალი, ადეკვატური ფორმების მოძიება და მათი პილოტირება რამოდენიმე კურსის ფარგლებში.
ახალი სასწავლო კურსების შემუშავება სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
ახალი (დიპლომისშემდგომი) პროგრამების შემუშავება.
 
კვლევის ხარისხი
 
მიზანი: უნივერსიტეტის სამეცნიერო გარემოს განვითარება: სამეცნიერო-ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების ზრდის მეშვეობით.
 
სტრატეგიები
1. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ სამეცნიერო კვლევების დარგში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივ და ეროვნულ გარემოზე დაყრდნობით და საერთაშორისო ცენტრებთან კავშირში პარტნიორული და კოლაბორაციული თანამშრომლობის მეშვეობით. არსებული ძლიერი მხარეების გათვალისწინებით აქტივობების მიმართვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ჩვენ საინვესტიციო სტრატეგიებს მიმართავს შტატსა და ინფრასტრქტურაზე. კვლევები ფოკუსირებული შემდეგ სფეროებზე: 1) ნორმალური და პათოლოგიური პროცესების მოლეკულური, სტრუქტურული და ფუნქციური საფუძვლები (ბიომარკერების თანამედროვე გამოყენება და მომავალი პერსპექტივები, ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების მოლეკულური და უჯრედოვანი რეაქციები); 2) დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და ეტიოლოგიის, სკრინინგისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობისა და მკურნალობის  განმსაზღვრელი ფაქტორები; 3) სამედიცინო განათლების ნოვატორული განვითარების სამეცნიერო საფუძვლები.
2. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მონაწილეობა ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო სწავლების ევროპის ორგანიზაციის (ORFEUS)  ფარგლებში ბიოლოგიისა და მედიცინის დარგში სადოქტორო პროგრამებისადმი ევროპული მოთხოვნების/რეკომენდაციების შემუშავებისა და მაქსიმალურად დაკმაყოფილების პროცესში.
3. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ”აიეტის” სამეცნიერო გარემოში შემავალ ინსტიტუციებთან კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება, ისევე როგორც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშომლობა: ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო დონის კვლევების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემოსი და მეცნიერ-მკვლევართა კრიტიკული მასის შესაქმნელად.
4. ხელი შევუწყოთ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გრანტების მოპოვებას.
5. ვიზრუნოთ სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტების სტრუქტურირებაზე (სწავლის/სწავლების მოსალოდნელი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ირგვლივ) და სადოქტორო პროგრამების კვლევითი ნაწილის მიმდინარეობაზე მონიტორინგის გაძლიერებაზე.
6. სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სწავლება, კვლევითი ჩვევების გამომუშავება და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა დიპლომამდელი განათლების სტუდენტებისათვის.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
სამეცნიერო კვლევებისადმი დამოკიდებულება გახდა უმაღლესი სასწავლებლისთვის  პრიორიტეტული. უმაღლესმა სასაწავლებელმა დაიწყო ურთიერთობა სამეცნიერო კვლევის კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, განახორციელა წარმატებული კვლევითი პროექტი, ასევე ჩაერთო ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო სწავლების ევროპის ორგანიზაციის (ORPEUS) მუშაობაში; შექმნა სადოქტორო სწავლების პროგრამა მედიცინაში. შექმნა ”აიეტის” სამეცნიერო გარემო საქართველოს რიგი წარმატებული სამკურნალო დაწესებულებებისა და სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებული ინსტიტუციების მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა არა მხოლოდ მისი სამეცნიერო-კვლევითი ადამიანური და მატერიალური რესურსი და სათანადო დონე სადოქტორო პროექტების განხორციელებისათვის, გაზარდა კვლევითი აქტივობის შესაძლებლობა დიპლომამდელი განათლების სტუდენტებისათვის, არამედ გააფართოვა და ხარისხობრივად გაზარდა თავად სამეცნიერო გარემო.
 
5-წლიანი სამიზნეები
მეცნიერთა, ასევე ინსტიტუციურ დონეზე არსებული საერთაშორისო კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ახალი პარტნიორების ძიება.
”აიეტის” სამეცნიერო-კვლევითი გარემოს წევრებთან (მემორანდუმის წევრები) ერთად: ა) ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით, სადოქტორო პროექტების/ზოგადად კვლევების სფეროების/მიმართულებების პრიორიტეტიზაცია; ბ) სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად ერთობლივი მუშაობა; 3) დიპლომამდელი განათლების საფეხურის სტუდენტთათვის კვლევების განხორციელებაში თანამშრომლობა.
კვლევით სფეროში საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.
ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო სწავლების ევროპულ ორგანიზაციასა და მის შემადგენელ წევრ ქვეყნებთან და ინსტიტუციებთან მუდმივი თანამშრომლობა.
სადოქტორო სასწავლო პროგრამის განვითარება; მუდმივი რევიზირება/ხარისხზე ზრუნვა.
სადოქტორო სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის მიმდინარეობაზე მონიტორინგის გაძლიერება.
დიპლომამდელი განათლების საფეხურის, სწავლის შედეგების კვლევითი კომპეტენციის გამომუშავებისთვის აუცილებელი სწავლების უზრუნველყოფა და პროგრამული იმპელემენტაცია.
 
1-წლიანი სამიზნეები
მემორანდუმის წევრებთან მომავალი ერთობლივი კვლევებისათვის სფეროების/მიმართულებების ეთობლივი განხილვა და განსაზღვრა.
სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად ერთობლივი (მემორენდუმის წევრებთან, სხვა პარტნიორებთან) სამუშაო ჯგუფების შექმნა.
ORFEUS-ის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა.
სადოქტორო სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად/სადოქტორო კვლევების ეფექტური მონიტორინგის მიზნით არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.
დიპლომამდელი განათლების საფეხურის სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევის საფუძვლების სასწავლო კურსის შექმნა.
სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა, სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
 
ადამიანური რესურსის ხარისხი
 
მიზანი: არსებული აკადემური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ახალი/გამორჩეული რესურსების (შტატი და სტუდენტები) მოზიდვა.
 
სტრატეგიები
ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ იმგვარი სასწავლო/სამეცნიერო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ინსტიტუციური მიზნების და სტრატეგიების მთავარ საკითხებში (ასპექტებში).
ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ მთელი აკადემიური შტატისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
ჩვენ უნდა განვიხილოთ უმაღლეს სასწავლებელში არსებული პოლიტიკა სწავლებისა და სტუდენტთა დახმარების აქტივობების სათანადოდ გასაცნობიერებლად.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
მოხდა არსებული ადამიანური რესურსების (აკადემიური შტატი, დამხმარე შტატი, სტუდენტები) ხარისხის ანალიზი. უმაღლეს სასაწავლებელს გაცნობიერებული აქვს, რომ მიუხედავად ფორმალური მოთხოვენების სრულად დაკმაყოფილებისა მთელ ქვეყანაში, მათ შორს ”აიეტიში”, არსებობს ადამიანური რესურსების ხარისხის პრობლემა, რომლის დაძლევა მხოლოდ არსებულის გაუმჯობესებითაა შესაძლებელი, კერძოდ იმგვარი სასწავლო/სამეცნიერო გარემოს შექმნით, რაც შესაძლებელს გახდის მათ პროფესიულ ზრდას და ჩართულობას თანამედროვე სამედიცინო განათლებაში მიმდინარე პროცესებში. უმაღლესმა  სასწავლებელმა შეზღუდული მატერიალური რესურსების პირობებში მოახერხა პროცესის გარკვეულად დაწყება: პროფესიული და პედაგოგიური განვითარების მიზნით რიგი დოქტორანტების, სტუდენტების და, აგრეთვე, პროფესორების დაფინანსება კონფერენციებზე და სამეცნიერო ფორუმებზე (მათ შორის: AMEE, AMSE) გასაგზავნად;
 
5-წლიანი სამიზნეები
აკადემიური პერსონალის დახელოვნების პროგრამებში მონაწილეობით მათი პროფესიონალური განვითარების (მათ შორის პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების) ხელშეწყობა.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სტუდენტთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და პროფესიული საჭიროებისათვის ხარისხიანი და ეფექტური სერვისის შეთავაზებაზე, რათა მათ შესძლონ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება.
ახალბედა პედაგოგებისათვის სამედიცინო განათელბაში სასწავლო კურსის შეთავაზება.
 
1-წლიანი სამიზნეები
ახალბედა პედაგოგებისათვის (ასევე გამოცდილი შტატისთვის) სამედიცინო განათლების სასწავლო კურსის შექმნა.
სტუდენტების დახმარების არსებული სერვისის რევიზირება. თანადგომის არსებული  ინსტრუმენტების გაძლიერება სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებაზე ორიენტაციით.
 
ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის ხარისხი
 
მიზანი: ხელმძღვანელობასა, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში უწყვეტი გაუმჯობესება.
სტრატეგიები
1. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ აკადემიური წარმატების გაძლიერებას, მათ შორის ფინანსების, რესურსების და რისკების სწორი მენეჯმენტით. საწესდებო და მარეგულირებელი მოთხოვნების იმგვარი ურთიერთშეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ, ანგარიშგებიან და ტრანსპარანტულ ხელმძღვანელობას.
2. ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ამ მხრივ არსებული საუკეთესო გამოცდილება.
3. ჩვენ უნდა მივაღწიოთ არსებული სერვისების (ადმინისტრაციის, ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების) ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
4. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ და შევინარჩუნოთ ბიუჯეტის ყოველწლიური სტრატეგიული დაგეგმარება, რომელიც ასახავს უმაღლესი განათლების და კვლევის პრიორიტეტებს.
5. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმაღლესი სასწავლებლის ეთიკური და პასუხისმგებლიანი საქმიანობა დარგისა და მთლიანად საზოგადოებისათვის სასარგებლოდ.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
ამ პერიოდის განმავლობაში უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო მისი ცალკეული სტრუქტურული საქმიანობის მარეგულირებელი რიგი დოკუმენტები. მან შეავსო სწავლებისა და შეფასების კომპიუტერული ცენტრის საინფორმაციო ბაზა და, ასევე, გააუმჯობესა იგი გარკვეული მეთოდოლოგიებით. შექმნა და ვებ-გვერდზე (სტუდენტის გვერდზე) განათავსა თითოეული სტუდენტის ჩათვლის წიგნაკის (მატრიკულის) ელექტრონული ვერსია. ინფორმაცია კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული სტუდენტისათვის. ვებ-გვერდზე განათავსა საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობები (კატალოგი), სასწავლო განრიგი, სხვადასხვა სასწავლო კურსის კურაციის დაწყებისა და დამთავრების, ჩათვლების, ქვიზების, გამოცდების, აღდგენების და გადაბარებების თარიღები და სხვ. რექტორის საბჭოს მუშაობაში, აგრეთვე, ხუ-ის სამსახურის შემადგენლობაში ჩართო სტუდენტთა წარმომადგენლები; გააუმჯობესა სხვადასხვა სტრუქტურების (ადმინისტრაციის, ბიბლიოთეკისა და სხვ.) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ფუნქციონირება.
 
5-წლიანი სამიზნეები
უმაღლესი სასწავლებლის მენეჯმენტის გაძლიერება/გაუმჯობესება.
სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის გაუმჯობესება.
საკანონმდებლო და ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, მომხმარებელთა საკუთარი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, საკუთარი კონკურენტული უპირატესობების შეფასება და, აღნიშნულის საფუძველზე, განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
კადრებზე ზრუნვა (არსებულის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი, პერსპექტიული კადრების მოზიდვა).
მარკეტინგის სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინირებული და კოორდინირებული გამოყენება მოქნილი და დინამიური მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად.
 
1-წლიანი სამიზნეები
სწავლებისა და შეფასების კომპიუტერული ცენტრის გაძლიერება ელექტრონული საინფორმაციო ბაზების და მეთოდოლოგიების გაუმჯობესებით.
სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის გასაუმჯობესებლად სპეციალური საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება. SQL ბაზებზე დაფუძვნებული სპეციალური საინტერნეტო პროგრამა ვებ-ინტერფეისის მეშვეობით ახორციელებს ყველა სასწავლო კომპონენტის დისტანციურ მართვასა და კონტროლს.
ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების რევიზირება, მათ საქმიანობის გაუმჯობესების და ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამიოსბაზე მუდმივი მონიტორინგის მიზნით.
ადმინისტრაციული კადრების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
 
კოლაბორაცია
 
მიზანი: ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაზრდა ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.
 
სტრატეგია
1. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ, რომ უმაღლესი სასწავლებლის ცხოვრებაში ჩვეულ/ყოველდღიურ პრაქტიკად იქცეს ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან.
2. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა უმაღლესი განათლების საკითხებზე მომუშავე ევროპულ სტრუქტურებთან/ინსტიტუტებთან (AMEE, AMSE, ORPHEUS).
3. ხელი შევუწყოთ განათლებისა და კვლევების დარგში საერთაშორისო დონეზე არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი პარტნიორების ძიებას.
4. განვავითაროთ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პროფესიულ ასოციებთან თანამშრომლობა.
5. სახელმწიფო სტრუქტურებთან (განათლების და მეცნიერების სამინისტრო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) თანამშრომლობა.
6. ჯანდაცვის სფეროში მოქმედ სხვადასხვა სტრუქტურებთან (მათ შორის, უპირველესად კერძო სტრუქტურებთან) თანამშრომლობა სამედიცინო განათლების, სამედიცინო მომსახურების, ხარისხის სტანდარტების და სხვა საკითხებზე.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
უმაღლესმა სასწავლებელმა აღნიშნულ წლებში დაიწყო ძალზე აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან (განათლების და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი). აქტიურად მონაწილეობდა გაანთლების საკითხებზე გამართულ თითქმის ყველა შეხვედრასა, სემინარსა და კონფერენციაში. იგი მონაწილეობდა სამედიცინო განათლების დარგობრივი დოკუმენტის შემუშავებაში, ბოლონიის პროცესის საქართველოში იმპლემენტაციის საკითხებში (TWINING ეგიდით); აგრეთვე დაიწყო AMEE, AMSE, ORPHEUS-ის ფორმატში თანამშრომლობა. კვლევით სფეროში მისი (”აიეტის”) ეგიდით შეიქმნა კოლაბორაციული ჯგუფი - სამეცნიერო-კვლევითი და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი სივრცე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 
5-წლიანი სამიზნეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან.
AMEE, AMSE, ORPHEUS სამუშაო შეხვედრებში, კონფერენციებში ყოველწლიური  მონაწილეობა.
კვლევების და განათლების საკითხებზე ერთობლივ პროექტებზე მუშაობა საერთაშორისო და ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად.
პროფესიულ ასოციაციებთან განსახილველი საკითხების, თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა და მათზე მუშაობა.
სახელმწიფო სტრუქტურებთან სამედიცინო განათლების, განათლების ხარისხის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი განათლების საკითხების ირგვლივ მუდმივი თანამშრომლობა.
ჯანდაცვის სფეროში არსებულ კერძო სტრუქტურებთან სამედიცინო კადრებისა და მომსახურების ხარისხისა და სტანდარტების საკითხებში თანამშრომლობის დაწყება.
 
1-წლიანი სამიზნეები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ავტორიზაცია/აკრედიტაციის საკითხებზე მუშაობა.
დარგობრივ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება.
ბოლონიის პროცესის საქართველოში იმპლემენტაციის საკითხებზე მუშაობა (TWINING ფორმატში).
ეროვნულ პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობისთვის გეგმის/პროექტის მომზადება.
AMEE, AMSE, ORPHEUS-ში აქტიური მონაწილეობა.
 
 
ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება
 
მიზანი: ფინანსური ბაზის შენარჩუნება/ზრდა.
 
სტრატეგიები
1. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და, შეძლებისდაგვარად, გავზარდოთ ფინანსური მდგრადობა.
2. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ფინანსური შესაძლებლობების ზრდა ადეკვატური ფინანსური სტრატეგიების შემუშავებით.
3. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადეკვატურად ტრენირებული მენეჯერების მოზიდვას.
4. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ბიზნეს-პროცესების მოდერნიზება სწორი, ხარჯთ-ეფექტური ფინანსური გარემოს უზრუნველსაყოფად.
 
 
 2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უმაღლესმა სასწავლებელმა შესძლო ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება (მიუხედავად ცნობილი გარემოებების გამო შექმნილი ფინანსური კრიზისა). მეტიც, მან შესძლო დოქტორანტების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გარკვეული პროექტების დაფინანსება (სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება); გარკვეული სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ასევე ბიბლიოთეკის და სასწავლო-საგამოცდო ცენტრის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ბაზის გაუმჯობესება - სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ფინანსების დახარჯვა. უმაღლესმა სასწავლებელმა შესძლო უცხოელი სტუდენტების მოზიდვა. 2010/2011 სასწავლო წელს, წინა წლებთან შედარებით, მათი წილი 100 %-ით გაიზარდა.
 
5-წლიანი სამიზნეები
აკადემიურ და მატერიალურთან ინტეგრირებული ფინანსური დაგეგმარება რესურსების სწორი განაწილებით, აკადემიური და ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრით და ბიუჯეტით, რომელიც ექვემდებარება ყოველწლიურ რევიზირებას.
ფინანსური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით გრანტების მოპოვებაზე მუშაობა.
მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესებით შემოსავლების ზრდა.
ხარჯთ-ეფექტური გარემოს შექმნა.
 
1-წლიანი სამიზნეები
აკადემიურ და მატერიალურთან ინტეგრირებული ფინანსური დაგეგმარების გაცნობიერება.
ფინანსური შესაძლებლობების ზრდა სტუდენტების მოზიდვით.
სპეციალური ჯგუფის შექმნა გრანტების მოსაზიდად.
 
 
ინფრასტრუქტურა და გარემო
 
მიზანი: უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო-საინფორმაციო ბაზის განვითარება.
 
სტრატეგიები
ჩვენ უნდა შევიმუშავოთ და დავნერგოთ პროცესები, რომლებიც ლიმიტირებული ფინანსების და რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მეშვეობით გააუმჯობესებს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სამედიცინო სასწავლო-სამეცნიერო ინფორმაციის ელექტრონული ბაზებისა და წიგნადი ფონდის მუდმივ შევსება/განახლებაზე.
უნივერსიტეტის აუდიო-ვიზუალური, კომპიუტერული და ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დონის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
აღნიშნული წლების განმავლობაში უმაღლესმა სასწავლებელმა იზრუნა ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გარკვეულ გაუმჯობესებაზე: გაარემონტა რიგი სასწავლო და ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბიბლიოთეკა, ასევე საგამოცდო ცენტრი და სალექციო აუდიტორია; შეავსო კომპიუტერული, ქსელური და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი, ბიბლიოთეკის წიგნადი და ელექტრონული ფონდი.
 
5-წლიანი სამიზნეები
შესაბამისი ფონდების (კერძო დაფინანსება, შემოწირულობა, გრანტი) მოძიება 21-ე საუკუნისთვის შესაბამისი თანამედროვე საუნივერსიტეტო გარემოს შესაქმნელად დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი განათლების უზრუნველსაყოფად და კვლევისთვის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.
 
1-წლიანი სამიზნეები
პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსები, აღჭურვილობის, მასალების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩათვლით, საკმარისია.
უნივერსიტეტის კომპიუტერული ბაზის, ინტერ- და ინტრანეტის მეშვეობით უზრუნველყოფილია კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც სწავლებისთვის, კვლევებისთვის, სერვისისა და ადმინისტრირებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სრული ექსპლუატაციის შესაძლებლობას იძლევა.
განახლებულია/გარემონტებულია რიგი სასწავლო ოთახებისა.
 
 
სტუდენტთა ჩართულობა/მონაწილეობა
 
მიზანი: სასწავლებლის ცხოვრებაში სტუდენტების შესაძლო ჩართვის და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
 
სტრატეგიები
ჩვენ უნდა მუდმივად ვიზრუნოთ უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობაში სტუდენტების უშუალო ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობაზე.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მართვაში სტუდენტების როლის ამაღლებაზე და მათი ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდაზე, მათ შორის სასწავლებლის აკადემიურ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობის, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების და მომავლის ტენდენციების შესახებ.
უმაღლესმა სასწავლებელმა მუდმივად უნდა შეუწყოს ხელი სტუდენტური თვითმართველობის და მისი სხვადასხვა ქვედანაყოფების აქტივობებს (საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო), მათი მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნას.
უნდა ვიზრუნოთ ”თანასწორთა თანადგომის სასწავლო ცენტრის” ხელშეწყობასა და განვითარებაზე.
უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მათი სტუდენტური კავშირების შენარჩუნების/განმტკიცების/განვითარების ხელშეწყობა.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
სასწავლებლის ცხოვრებაში სტუდენტთა ჩართვის და მონაწილეობის მნიშვნელობის გაცნობიერება ”აიეტის” დაარსების დღიდან არსებობს; თუმცა, პროცესი, მათ შორის 2008/2010 წწ-შიც, არაერთგავორვნად და პერიოდული ”აღმავლობით” და ”ჩავარდნებით” ხასიათდებოდა. გასული ორი წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ”მუშაობის” პროცესში ორივე მხარე (ადმინისტრაცია და, განსაკუთრებით, სტუდენტები) მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე, რომ ამ ჩართულობას/მონაწილეობას არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. ადმინისტრაციის მხრიდან ახსნა-განმარტებებმა და საერთაშორისო გამოცდილების დემონსტრირებამ, სტუდენტები მიიყვანა იმის გაცნობიერებამდე, რომ სასწავლებლის ცხოვრებაში  მათი აქტიური მონაწილეობა ძალზე მნიშვენლოვანია სტუდენტური ცხოვრების, სწავლის და მომავალი პროფესიული წარმატებისთვის. გაწეულმა მუშაობამ, ვფიქრობთ, კარგი ბაზისი შეუქმნა სტუდენტთა მხრიდან თვითმართველობის არჩევნების მიმართ სერიოზულ5 და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების თვალსაზრისით, რაც, ჩვენი აზრით, მომავალში საუნივერსიტეტო მმართველობით სტრუქტურებში (რექტორის საბჭო, ხუ სამსახური და სხვ.) სტუდენტურ მონაწილეობას უფრო აქტიურს გახდის.
 
5-წლიანი სამიზნეები
უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო-კველვითი პროცესების მართვის და ორგანიზების პროცესებში სტუდენტების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ინსტიტუციურად ძლიერი სტუდენტური თვითმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მყარი, ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა სტუდენტურ ორგანიზაციებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებაში მიმდინარე პროცესებში სტუდენტთა აქტიური ჩართვა და მონაწილეობა.
 
1-წლიანი სამიზნეები
სასწავლო პროცესების ორგანიზებასა და მართვაში სტუდენტური თვითმართველობის წევრების ჩართვა.
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მზადების ხელშეწყობა.
სტუდენტური თვითმართველობის წესდების საჯარო განხილვა.
სტუდენტთა აკადემიური, კვლევითი, საზოგადოებრივი აქტიობების ხელშეწყობა.
 
 
გამოცდილების ინტერნაციონალიზაცია
 
მიზანი: ინტერნაციონალურ კულტურულ დიალოგში ჩართვის ხელშეწყობა.
 
სტრატეგიები
ჩვენი საგანმანათლებლო სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს „აიეტის“ სტუდენტის ინტერნაციონალურ კულტურულ დიალოგში ჩართვის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება თანამედროვე ცხოვრებაში, რომელიც გვთავაზობს განსხვავებულ იდეებს, კულტურებს და გამოცდილებებს.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საგანმანათლებლო და კვლევით კოლაბორაციაზე, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენს კურსდამთავრებულებთან.
ჩვენ უნდა ხელი შეუწყოთ უმაღლეს სასწავლებელში, შეძლებისდაგვარად, კარგი საბაზისო ცოდნის მქონე უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უცხოელი სტუდენტების ინტეგრირებაზე  უმაღლესი სასწავლებლის  საზოგადოებაში.
ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ „აიეტის“ სტუდენტებს საზღვარგარეთ გარკვეული სასწავლო კურსების გავლაში (სასურველია, 1 სემესტრის განმავლობაში მაინც).
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
”აიეტს” ჰყავს ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწე კურსდამთავრებულთა დიდი ჯგუფი. ”აიეტში” სწავლობენ უცხოელი სტუდენტები. ”აიეტის” პროფესურას აქვს საკუთარი კავშირები უცხოელ კოლეგებთან. თავად ”აიეტს”, როგორც უმაღლეს სასწავლებელს, აქვს კავშირები საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ”აიეტი” ყოველთვის ხელს უწყობდა სასწავლო პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, კვლევის მიზნით თავისი სტუდენტების საზღვარგარეთ მობილობას, ისევე როგორც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას უმაღლეს სასწავლებელში; თუმცა, მხოლოდ 2009/2010 წელს მოხდა იმის გაცნობიერება, რომ იგი პრაქტიკულად დიდი ხანია ჩართულია ინტერნაციონალურ კულტურულ დიალოგში და რომ ამას ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება.
 
5-წლიანი სამიზნეები
კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნა და მასთან მუდმივი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
უცხოელი სტუდენტების პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების დახვეწა, საუკეთესოთა მოზიდვის მიზნით.
უცხოელი სტუდენტების უმაღლესი სასწავლებლის საზოგადოებაში ინტეგრირების ეფექტური მექანიზმების/ფორმების შემუშავება და დანერგვა.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში, „აიეტის“ დიპლომამდელი განათლების სტუდენტებისთვის ( 15-20%) საზღვარგარეთ გარკვეული სასწავლო კურსების შეთავაზება.
 
1-წლიანი სამიზნეები
უცხოელი სტუდენტების ჯგუფისთვის ადეკვატური გარემოს შექმნა,  უმაღლესი სასწავლებლის საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობა.
საზღვარგარეთ მოღვაწე „აიეტის“ კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა: სტუდენტებისთვის ლექციის/სემინარის ორგანიზება მათი პროფესიული საქმიანობის სფეროში.
მე-6 კურსის სტუდენტებისთვის ზოგადი სპეციალიაციის არჩევითი კურსის გავლის ორგანიზება ლიტვაში.
 
 
საზოგადოებასთან ურთიერთობები
 
მიზანი: საზოგადოებისთვის სამსახური ცხოვრების ხარისხის, კულტურული სიძლიერის და ინტელექტუალური კაპიტალის ზრდით.
 
სტრატეგიები
1. საზოგადოებისთვის აქტუალურ სამედიცინო საკითხებზე (ბიოეთიკის საკითხები, შიდსი, ნარკომანია და სხვ.) პროფესიულ ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
2. სოციალურად აქტუალურ სამედიცინო საკითხებზე დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა და მასში „აიეტის“ სტუდენტების ჩართვა.
3. სამედიცინო განათლების და, ზოგადად, ხარისხიანი განათლების საკითხებზე დაინტერესებულ ჯგუფებთან მუშაობა.
4. სამედიცინო საქმიანობისა და განათლების დარგში ეთიკური ღირებულებების დაცვაზე ზრუნვა.
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
გასული წლების განმავლობაში უმაღლესმა სასწავლებელმა, როგორც ინსტიტუციამ, დაიწყო თანამშრომლობა საზოგადოებისთვის აქტუალურ სამედიცინო განათლების, ეთიკური ღირებულებებისა და სხვა საკითხებზე, თუმცა ეს დიალოგი და თანამშრომლობა დაინტერესებულ ჯგუფებთან 2008-2010 წწ-ში საკმარისად ინტენსიური არ იყო.
 
5-წლიანი სამიზნეები
დაინტერესებულ ჯგუფებთან (ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები) მუდმივმოქმედ საფუძველზე თანამშრომლობა.
 
1-წლიანი სამიზნეები
აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებებით დაინტერესებული ორგანიზაციების მოძიება.
სოციალურად აქტუალურ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში „აიეტის“ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობა.
 
 
ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე პოზიციების დამკვიდრება
 
მიზანი: ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მაღალი ხარისხის უნივერსიტეტის რეპუტაციის მოპოვება.
 
სტრატეგიები
1. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ყოველწლიურად განახლებადი საინფორმაციო პაკეტის მომზადება უმაღლეს სასწავლებელზე, ინფრასტრუქტურაზე, ადმინისტრირების პროცედურებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე და სხვ. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
2. უნდა შევიმუშავოთ ევროკომისიის, ევროპის საბჭოს და იუნესკოს ერთობლივი საექსპერტო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დიპლომის დანართი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი კურსდამთავრებულების მობილობას ადგილობრივ და მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში და შრომით ბაზარზე.
3. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საგანმანათლებლო ინსტიტუციების გლობალურ/საერთაშორისო ქსელებში უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე.
4. ხელი უნდა შევუწყოთ სტუდენტების მონაწილეობას და, ამ მიზნით, საუკეთესო კვლევითი ნაშრომების წარდგენას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე.
5. საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის უმდა განვახორციელოთ სასწავლო და კვლევითი მიზნით საზღვარგარეთ მაღალი რეპუტაციის უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში მივლინების ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერა.
 
 2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
აღნიშნულ წწ-ში შეიქმნა საინფორმაციო პაკეტი სასწავლო კურსების, მათი შინაარსის, შეფასების სისტემის, სწავლების მეთოდების, სტრუქტურის აღწერით. განახლდა ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებელზე, ინფრასტრუქტურაზე და სხვ. შეიქმნა თანამედროვე მოთხოვენების შესაბამისი დიპლომის დანართი. სასწავლო და კვლევითი მიზნით ხელი შეეწყო სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნას, საუკეთესო კვლევითი ნაშრომების (სტუდენტების, დოქტორანტების, აკადემიური შტატის) წარდგენის უზრუნველყოფას საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე. უმაღლესმა სასწავლებელმა, აგრეთვე, უზრუნველყო წარმომადგენლობა განათლებისა და კვლევის ხარისხზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრებზე.
 
5-წლიანი სამიზნეები
ყოველწლიურად განახლებადი საინფორმაციო პაკეტის მომზადება.
დიპლომის დანართში (განსაკუთრებით დამატებითი ინფორმაციის ნაწილში) სტუდენტის მუშაობის/ინდივიდუალური აქტივობის მაქსიმალურად ზუსტი აღწერა.
საგანმანათლებლო ინსტიტუციების ევროპულ საინფორმაციო ქსელებში ჩართვა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში სტუდენტთა მონაწილეობაზე მუდმივი ზრუნვა.
 
1-წლიანი სამიზნეები
დიპლომის დანართზე (განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით) მუშაობის დასრულება.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე სტუდენტთა და დოქტორანტთა გაგზავნა.
მე-6 კურსის სტუდენტების (სურვილის მიხედვით) გაგზავნა კლაიპედაში (ლიტვა) არჩევითი კლინიკური კურსის (1 თვე) გასავლელად.
 
 
ხარისხის კულტურა
 
მიზანი:  ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის ინტეგრირება სტრატეგიულ დაგეგმარებასთან.
 
სტრატეგიები
1. ჩვენ გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ უმაღლეს სასწავლებელში განათლების ხარისხის განვითარებაზე, შენარჩუნებასა და ამაღლებაზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება უნივერსიტეტსა და მის პერსონალს (პროცეში სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პირობით).
2. ჩვენ გვჭირდება მუდმივი მუშაობა, ძიება და ანალიზი (მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით), თუ რა კომპეტენციებისგან შედგება ხარისხი და როგორ უნდა იყვნენ ისინი გარანტირებულად უზრუნველყოფილი განათლებაში.
3. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ შესაბამის საშუალებათა  არსენალის შემუშავებას, რომლის გამოყენებითაც უმაღლესი სასწავლებელი შესძლებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარებას, შენარჩუნებას და ამაღლებას ფართო ევროპულ კონტექსტში.
4. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხარისხის კულტურის იმგვარ სტრატეგიაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთნდობის განმტკიცებას და უზრუნველყოფს კვალიფიკაციათა და სწავლების პერიოდების ურთიერთაღიარებას. 
 
2008-2010 წწ-ის მიმოხილვა
2008-2010 წწ-ში ახლადშექმნილმა (2007 წ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაიწყო არსებული სასწავლო პროცესის, საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების სილაბუსების, არსებული სასწავლო, სამეცნიერო, ადამიანური, ინფრასტრუქტურულ-მატერიალური რესურსების ანალიზი და სხვ. უმაღლესმა სასწავლებელმა მუშაობა დაიწყო ბოლონიის პროცესის მოთხოვნების, სწავლის შედეგების/კომპეტენციების განმსაზღვრელი ეროვნული დოკუმენტის, სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციის, დიპლომის დანართის შემუშავების და სხვა საკითხებზე. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამართულ სამუშაო შეხვედრების/კონფერენციების და სხვა საკითხების ირგვლივ მუდმივი ინფორმირება და დისკუსირება წარმოებდა უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის, პროფესურისა და სტუდენტების მონაწილეობით. მუშაობის პროცესში მოხდა განათლების საკითხებზე მომუშავე/დაინტერესებული პროფესურიდან, ადმინისტრაციისა და სტუდენტთა წარმომადგენლებიდან, ერთგვარად, ”ლიდერი” ჯგუფის ფორმირება.
 
5-წლიანი სამიზნეები
ზრუნვა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ ზრდაზე.
”აიეტის” აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის, პარტნიორი კვლევითი ინსტიტუტების/ცენტრების მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/შეფასების/მოდიფიცირების პროცესში.
განათლების ხარისხის ასპექტებზე/კრიტერიუმებზე, მათი უზრუნველყოფის გზებსა და შეფასების მეთოდებზე მუდმივი მუშაობა.
ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების გაფართოებაზე მუშაობა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლის ფორმალურ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესთან კავშირში.
განათლების ხარისხის საკითხებზე ურთიერთობა სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, დაინტერესებულ სხვა ინსტიტუციებთან და ასოციაციებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
 
1-წლიანი სამიზნეები
განათლების ხარისხის ასპექტების, კრიტერიუმებისა და სტანდარტების, არეთვე, მათი მიღწევის/შეფასებისთვის საჭირო/”სასარგებლო” მტკიცებულებათა სრულყოფაზე მუშაობა.
განათლებისა და ხარისხის საკითხებზე სხვა უს-თან, სამსახურებთან თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
თვითშეფასების კითხვარის მომზედება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და თვითშეფასების ანგარიშის მომზადება.
კურიკულუმის ჯგუფთან ერთად, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა, ახალი სასწავლო კურსებზე მუშაობა.
დამწყები პედაგოგებისთვის სამედიცინო განათლების საკითხებზე დამხმარე სასწავლო კურსის შემუშავება არსებული გამოცდილებისა და მომავლის ტენდენციების გათვალისწინებით.
სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე მუშაობა.